გურჯან მალაყმაძეს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოებს

19/10/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზი გახსნა, რომელიც საქათველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის შემადგენელი ნაწილია.
სამეცნიერო პროექტის „საქართველოსთვის დღემდე უცნობი დოკუმენტური მასალა და ისტორიები თურქეთელ ქართველთა ცხოვრებიდან“, რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზანია 1921-1990 წლებში თურქეთის არქივებში თურქეთელ ქართველთა ისტორიის, ყოფის და კულტურის შესახებ კვლევის ორგანიზება. ამ პერიოდის შესახებ არ მოიპოვება არავითარი სამეცნიერო მასალა თურქეთში მცხოვრების ქართველების შესახებ, საბჭოთა პერიოდში საქართველოსა და თურქეთს შორის რთული დამოკიდებულების გამო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული პატივისცემა გვინდა გამოვხატოთ იმ ადამიანებისა და მათი შთამომავლების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად უწყობენ ხელს ქართული იდენტობის შენარჩუნებას თურქეთში და სწორედ ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა მათ შთამომავლებს პირდაპირ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და ვახტანგ მალაყმაძის შვილს გურჯან მალაყმაძეს კი, ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად შედგა იქ მოღვაწე ცნობილი ქართველების არქივების დიგიტალიზაცია.
პროექტის მიხედვით, მოხდა თურქეთელ ქართველთა ეთნიკური იდენტობის გადარჩენისათვის მოღვაწე ადამიანთა ბიოგრაფიების (ახმეთ ოზკან-მელაშვილი, ჰაირი ჰაირიოღლუ(ვახტანგ მალაყმაძე) შესწავლა აღდგენა, მათი არქივების გაციფრულება, მათ მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების მოძიებასა და დიგიტალიზაცია. აგრეთვე, ეთნოგრაფიული რეალიების ამსახველი ფოტო, აუდიო და ვიდეომასალების მოძიება, სისტემატიზაცია და დიგიტალიზაცია და თურქეთელ ქართველთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ზეპირი ისტორიების ჩაწერა.
აღნიშნული მასალები დაცული იქნება სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” და ნაბეჭდ კრებულში.
თურქეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მთარგმნელის, პუბლიცისტის და პოეტის ვახტანგ მალაყმაძის დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, მეცნიერები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0