დაბა ანასეულში, მიწის ზედაპირის დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი იგეგმება

02/02/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, ოზურგეთში, დაბა ანასეულში, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოაქტიურად დაბინძურებული ნიადაგის რადიომეტრული მორიგი კვლევა განახორციელეს.

აღნიშნული ტერიტორია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ყოფილი ინსტიტუტის გაძარცვის დროს დაბინძურდა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ტერიტორიის შემოწმებას პერიოდულად ახორციელებს. გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში მაიონებელი გამოსხივების დოზის სიმძლავრე უცვლელია და საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

სპეციალისტები, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს რადიაქტიური ნარჩენების დეპარტამენტის უფროსთან გია ნაბახტიანთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„დაბა ანასეულში, აღნიშნული ტერიტორია სპეციალისტების მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი. ნამდვილად არ არსებობს ისეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი თითქოსდა აქ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა თქმა უნდა თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული კვლევაც უახლოეს მომავალში დაიწყება“, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.

გია ნაბახტიანის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება გაფორმდა შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრთან.

„ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიის დეტალური და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, შვედი ექსპერტების ჩართულობით, უკვე დაწყებულია პროექტი. იგეგმება მიწის ზედაპირის დეტალური რადიოლოგიური მონიტორინგი და დაბინძურებულ ადგილებზე რადიონუკლიდების მიწის სიღრმეში განაწილების შესწავლა. ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. კვლევების დასრულების შემდეგ, მომზადდება დეტალური გეგმა, რომელშიც პრობლემის მოგვარების მეთოდები გაიწერება. კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საჭიროებიდან გამომდინარე იქნება მიღებული“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0