დაბა ნასაკირალში საბავშვო ბაღი აშენდება

07/11/2017

დაბა ნასაკირალში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები მომავალ სასწავლო წელს ახალ საბავშვო ბაღში დაიწყებენ.
დაბაში ევროსტანდარტების, ადაპტირებული, N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აჩილ ყაზაიშვილმა და გამგებლის მოადგილემ ბადრი გობრონიძემ დაათვალიერეს.
პროექტი გარდამავალია.
90 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.
მოეწყობა სამზარეულო, სველი წერტილები, წყლისა და გათბობის სისტემები.
სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
„დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღი იქნება რიგით მე-6, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში აშენდება. ანალოგიური საბავშვო ბაღები აშენდა სოფლებში: ჭანიეთი, სოფელ ოზურგეთი, ბახვი, ცხემლისხიდის თემის ბაღდადის დასახლება. წვერმაღალაში ახალი ბაღი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა. ფონდმა საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა ურეკშიც დაიწყო,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა აჩილ ყაზაიშვილმა.
პროექტი, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაც 447 000 ლარს შეადგენს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0