დაბა ურეკში ექსტრემალური შეჯიბრი “off-road”-ი ჩატარდა

24/06/2017

დაბა ურეკში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პროექტის ფარგლებში “ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე” გაიმართა ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში. შავი ზღვის სანაპიროზე Jeep-ის მარკის ავტომობილებით ოფროუდერებმა საჩვენებელი შეჯიბრი მოაწყვეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, იმერეთის და თბილისის “off-road” კლუბის წევრებმა. პირველად პროექტის ფარგლებში “off-road”-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ძალოსნობაში, კონსტანტინე ჯანაშია შემოუერთდა. კონსტანტინე ჯანაშია არის ევროპის რეკორდსმენი სამჭიდსა და ძალოსნობაში, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მას საკუთარი გამარჯვებებით არაერთხელ გაუხარებია ქომაგები. დღეს ჯანაშია დაბა ურეკში Jeep-ის მარკის ავტომობილს თოკით ჩაეჭიდა, რომლის მძღოლმაც მანქანის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხა და ძალოსანმა თავის სპორტულ კარიერაში კიდევ ერთი წარმატება ჩაიწერა. ტურის ფარგლებში კოლონა „შავი ზღვის არენას“ გავლით კურორტ გომისმთის მიმართულებით გაემართა, სადაც ხვალ დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდება, გამოვლინდება და დაჯილდოვდება გამარჯვებული ოფროუდერები. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური და აჭარის ოფროუდის ფედერაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0