დაბა წაღვერში საგანგებო შტაბი მუშაობს

22/08/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებებისაგან მიიღო ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ. მდგომარეობის შეფასების შემდეგ დაისახა დაუყოვნებლივ გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული გეგმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებიც მძლავრი ტექნიკის გამოყენებით მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანძრის დამატებითი კერების გავრცელება. გათენებისთანავე, დილის 6 საათიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება ავიაციითაც. სტიქიასთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს დასახმარებლად უკვე ჩართულია ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. უახლოეს საათებში სამაშველო სამუშაოებში ჩაერთვებიან თურქეთიდან გამოგზავნილი ვერტმფრენებიც. შტაბის სხდომას, რომელიც დაბა წაღვერში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა, ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური,შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები. ადგილზე რჩებიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა, რომელიც თავდაპირველად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ ფართობზე დაახლოებით ერთ ჰექტარზე იყო გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში დაუყოვნებლივ მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, ადგლობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების და ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩართვა. 200 მეხანძრესთან და მაშველებთან ერთად ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩაერთო ავიაციაც. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 21 აგვისტოს შუადღისთვის ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხერხდა. თუმცა, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შედეგად შუადღის შემდეგ დაიწყო ცეცხლის კერების ხელახალი გაღვივება. ამ დროისთვის ხანძარი დაახლოებით 10-12 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0