დავით ზალკალიანი ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა

23/06/2016

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან პაველ სოლოხთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, რეგიონში განვითარებული მოვლენები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. დავით ზალკალიანმა პოლონურ მხარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ, ასევე გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართება, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
პაველ სოლოხმა ხაზგასმით დააფიქსირა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედების მიმართ. ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ვიშეგრადის ჯგუფის თავმჯდომარეობისას, რომელსაც პოლონეთი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გადაიბარებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0