დავით ზალკალიანი უკრაინის უმაღლესი რადას უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

12/06/2017

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან.
დავით ზალკალიანმა უკრაინელ დეპუტატებს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 11 ივნისს შევიდა და აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული მიღწევა უკრაინისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ახლო სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეები მიესალმნენ უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და იმედი გამოთქვეს, რომ ვიზიტებისა და ღონისძიებების მაღალი დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. განხილულ იქნა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებების დონეზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან აღინიშნა, რომ მხარეები პატივს ცემენ ორი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ერთმანეთის პოზიციების ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0