დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა

09/05/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და საზოგადოებას თაბორის მთაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, შესაბამისად საკითხი დეტალურადაა განხილული და წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრებს კითხვები არ გაგვაჩნია. მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან მედიასაშუალებებში არაერთი განმარტება გაკეთდა, მაგრამ, რადგან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში კვლავ არსებობს კითხვები, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებსა და დედაქალაქის მერს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დავით ნარმანია თბილისის წარმომადგენლობით ორგანოს 17 მაისს ეწვევა და ყველა კითხვას უპასუხებს”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0