დავით ნარმანია სამეცნიერო ოლიმპიადის პრეზენტაციას დაესწრო

09/06/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში, სამეცნიერო ოლიმპიადის, FIRST Global-ის საქართველოს გუნდის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. FIRST Global არის საერთაშორისო შეჯიბრება, რომლის მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება, ხელშეწყობა ახალი თაობისთვის, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი თუ საინფორმაციო უსაფრთხოება. საქართველოს გუნდის წევრებმა, მენტორთან ერთად, რობოტიკის პროექტის პრეზენტაცია გამართეს და ოლიმპიადასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრებს. „მათ ძალიან დიდი მომავალი აქვთ. დარწმუნებული ვარ, ისინი, როგორც გამომგონებლები, დიდ წარმატებას მიაღწევენ, ახლაც და მომავალშიც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. საერთაშორისო ოლიმპიადის საინაუგურაციო შეხვედრა 2017 წლის 16-18 ივლისს, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში ჩატარდება. მისი თემატური გამოწვევაა მსოფლიოს უზრუნველყოფა სუფთა წყლის მარაგით. ღონისძიებაში 160-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მონაწილეობს, რომელთა შემადგენლობაში 15-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. გუნდების წარმატება რობოტის დიზაინსა და ერთმანეთთან ეფექტურ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. საქართველოს გუნდი „ამერიკული აკადემიის“, ვ.კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლისა და ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებით არის დაკომპლექტებული. საქართველოს გუნდის პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0