დავით ნარმანია წითელი ჯვრის ევროპის ზონის ხელმძღვანელს შეხვდა

21/06/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის ხელმძღვანელს საიმონ მისსირს შეხვდა. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის მერმა საიმონ მისსირს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მხრიდან 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია წითელი ჯვრის ოფისთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს სახელმწიფომ ახალი საოფისე ფართი გამოუყო და უფრო მეტად ფართოვდება რეგიონული ოფისი თბილისში.

„წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს თანამშრომლობა მოიცავს სოციალურ სფეროში რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებას. მათი როლი და ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდნენ ჩვენთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე, რაც დაკავშირებული იყო დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სხვა სახის მხარდაჭერასთან. მომავალშიც ვითანამშრომლებთ მჭიდროდ მათთან, რათა ბევრი საინტერესო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0