დავით საგანელიძემ “ჩინეთის ექსპერტი 2017”-ის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

21/11/2017

“საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა “ჩინეთის ექსპერტი 2017”-ის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. დავით საგანელიძემ გამარჯვებულებს სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცა. ღონისძიება სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში” გაიმართა.
ქართულ-ჩინურმა მედია პლატფორმამ „სინომედია“ 11 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ონლაინ კონკურსი “ჩინეთის ექსპერტი 2017”. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ სხვადასხვა კუთხიდან. აღსანიშნავია, რომ კონკურსი იყო ქართულენოვანი და მონაწილეებს არ მოეთხოვებოდათ ჩინური ენის ცოდნა.
აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში სინომედიასთან ერთად საქართველოს სინოლოგთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. “ჩინეთის ექსპერტი 2017” მიეძღვნა საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
სინომედია არის პირველი საინფორმაციო სააგენტო საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტოებთან და ორიენტირებულია უშუალოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაშუქებაზე, აშუქებს ორი ქვეყნის დიპლომატიურ, ეკონომიკურ, კულტურულსა და სხვა სახის ურთიერთობებს, ასევე ორი ქვეყნის შესახებ ინფორმაციას სამ ენაზე: ჩინურად საქართველოზე და ქართულად ჩინეთზე, ინგლისურ ენაზე კი ორივე ქვეყნის შესახებ. ამასთან, მედია პლატფორმის მიზანია ხალხთაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კულტურათა ურთიერთგაცვლა, მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო აქტიურად არის ჩართული ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიერ წამოჭრილ მსოფლიო მასშტაბის პროექტში „სარტყელი და გზა“, იგივე „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი“ .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0