დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

13/07/2017

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები პირადად მათგან მოისმინა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე გამახვილდა. 1 ივლისიდან სახელმწიფო 100.000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველ, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული, ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის ტიპი 2 – არაინსულინდამოკიდებულ პირებს სამკურნალო მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად აწვდის. აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ კამპანიაზეც იმსჯელეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საყოველთაო სკრინინგში მოქალაქეთა ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირების ესწრებოდნენ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0