დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, „სოციალური მუშაობის ხელშემწყობი საკოორდინაციო საბჭოს“ ფორმატში შეხვდა.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, სოციალური მუშაკების მოთხოვნები და „სოციალური მუშაობის“ კანონით გაწერილი აქტივობები.
„სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ ბრძანების მიხედვით, სოციალური მუშაკები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული საქმეებისგან. შესწავლილია სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში არსებული მდგომარეობა კონფიდენციალური საუბრების ოთახებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაშია. აპრილის ბოლომდე დასრულდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიება სხვა სამინისტროებში და ყველა საჭირო რესურსის აღწერა. გარდა ამისა, დაგეგმილია ფსიქოლოგებისა და იუსრიტების დამატება. თითოეულ რეგიონში უკვე არის თითო ფსიქოლოგი. უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ ერთი ფსიქოლოგი დაემატება. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 იურისტი დაემატება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.
შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა და სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა სოციალური მუშაკებისთვის უმეტესწილად მისაღები აღმოჩნდა. შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი სოციალურ მუშაკებს გადაეგზავნებათ. გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას კი დოკუმენტის მიღებისა და კოლეგებთან შეთანხმების შემდეგ მიიღებენ.

„უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა სოციალურ მუშაკებსაც, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე და სოციალური დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია ესწრებოდნენ.

Visited 119 times, 1 visit(s) today