ესპანეთში, ქ. სიტჯესში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული სხდომის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მინისტრი დავით სერგეენკო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თურქეთის ვიცე-პრემიერს, რეჯებ აკდაგს პირისპირ შეხვდნენ. რეჯებ აკდაგი წარსულში მეზობელი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ერთმანეთს ორი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილებაც გაუზიარეს.