საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომამდგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს IOM-ის მხარდაჭერით საქართველოსა და პოლონეთს შორის დაგეგმილი დროებით კანონიერად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების საკითხები. „ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ლეგალური მიგრაციის მიმართულებით. ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მიგრანტების უსაფრთოხება და ტრეფიკინგის პრევენცია. მადლობა თქვენ ამ საქმეში აქტიური მხარდაჭერისათვის“-განაცხადა დავით სერგეენკომ პარტნიორებთან შეხვედრისას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის დახმარებით პოლონეთსა და ესტონეთში ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევები და შეიქმნა მათ შრომის ბაზრებზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი. გამოვლენილი მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს შრომის ბაზარზე შეირჩა შესაბამისი კადრები საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მიზნით. ამ დრომდე პოლონეთში დასაქმდა 30 შრომითი მიგრანტი. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის წარმატებიდან გამომდინარე, მხარეებმა მიიღეს ცირკულარული შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება. აღნიშნული ხელშეკრულება გახდება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შორის ცირკულარული მიგრაციის სფეროში გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების პირველი პრეცენდენტი.
დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ევროპის ქვეყნებთან (ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესპანეთი, პორტუგალია). რიგმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.