დავით შერაზადიშვილი, დაბა თამარისისა და სოფლების: ცურტავისა და ფარიზის მოსახლეობას შეხვდა

21/01/2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეიდან სოფლის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, დაბა თამარისისა და სოფლების: ცურტავისა და ფარიზის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებული საჭიროებები მათთან ერთად განიხილა.
სოფლის მაცხოვრებელთა მოთხოვნით დაბა თამარისში, სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაცია განხორციელდება. სოფელ ფარიზში კი რეაბილიტაცია არხზე გადასასვლელ ბოგირს ჩაუტარდება, რომელიც დაზიანებულია. ღია კენჭისყრით სოფელ ცურტავის მაცხოვრებლებმა კი შიდა გზების მოხრეშვა დაასახელეს. მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები 11 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

“მისასალმებელია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. დღეიდან დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები და 11 თებერვლის ჩათვლით მოვივლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დაბას. ხშირ შემთხვევაში, სოფელმა უკეთ იცის, რა საჭიროება და რა მოთხოვნებია ადგილზე. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 720 000 ლარი დაიხარჯება, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
საჭიროა ქართული სოფლების გამოცოცხლება და ამ პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0