დავით ჭელიძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

22/06/2018

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით ჭელიძის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული, 15 -მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის 1500 მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა.
თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ტექნიკური მიმართულების სფეროებში იყო წარმოდგენილი. ფორუმი დავით ჭელიძემ გახსნა და მონაწილეებს ღონისძიების მიზნის, წარმოდგენილი კომპანიებისა და ვაკანსიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ნაძალადევის რაიონში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი და თვრამეტი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც კომპანიებისთვის, ისე სამუშაოს მაძიებელი ჩვენი რაიონის მოსახლეობისთვის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა დავით ჭელიძემ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფორმატი რეალური დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებლის დაკავშირებას ითვალისწინებს.
ნაძალადევის რაიონში გამართულ დასაქმების ფორუმს საკრებულოს წევრი, სანზონა-ღრმაღელის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0