დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია

10/11/2017

„დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულია. ის გაზიარებულ იქნა კოლეგა უწყებებისათვის, რომელთაგან ზოგმა წარმოადგინა პოზიციები. სხვებისგან ველოდებით შენიშვნებსა და გაუმჯობესების მიზნით გამოთქმულ აზრებს. როგორც კი კანონპროექტი მიიღებს საბოლოო ფორმას − ვინაიდან არსებობს თვით პრემიერ-მინისტრის დონეზე მაღალი რანგის პოლიტიკური ნება, რომ ამგვარი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას, იმედი მაქვს, რომ კანონპროექტიც გახდება კანონი. კანონპროექტის მთავარი არსი ისაა, რომ შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილებები, მაგრამ ექნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერა იმ მიზნისთვის, რომ გამოიძიოს პოლიციაში, ციხეებში თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილი შესაძლო დანაშაული, როდესაც საქმე ეხება პირთან არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან ამგვარი სასჯელის გამოყენებას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარი იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც თეა წულუკიანი დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს. იუსტიციის მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პლატფორმაზე საქართველოს წარმატების შესახებ, რაც იმით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველო ამ საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან, მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს „OGP“-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტებიც გააცნო.
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი სტრასბურგში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მაღალი პატრონაჟით ტარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0