დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ სავალ გზაზე მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც რთულ ვითარებაში შექმნეს ქართული რესპუბლიკა და საინტერესო პოლიტიკური პროცესი

21/02/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების წევრების ბიოგრაფიათა კრებულის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
პროექტი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების 145 დეპუტატის ბიოგრაფიათა კრებული „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ განახორციელა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმ ისტორიული ეპოქის მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც წიგნშია ასახული და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ სავალ გზაზე მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც რთულ ვითარებაში შექმნეს ქართული რესპუბლიკა და საინტერესო პოლიტიკური პროცესი.
„1921 წელს, სწორედ დღევანდელ დღეს, 21 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია – პირველი კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ემუშავა რეალურად და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას წინ უძღოდა დამოუკიდებლობის სამი წელი, რომელიც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რომელიც სწორედ ამ დარბაზში გამოცხადდა 17:10 საათზე.
ამიტომაც ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა და პარალელი გაგვევლო ჩვენს წარსულსა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას შორის, რომელსაც მნიშვნელოვანი ისტორია გააჩნია.
დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებას გავუზიაროთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც შეეხება დამფუძნებელ კრებას – იმ ორგანოს, რომელიც იყო არჩეული და შექმნილი პირველ ქართულ რესპუბლიკაში.
ეს კრება მაშინ აირჩიეს ევროპული სტანდარტებითაც ძალიან მაღალი მაჩვენებლებით, სადაც ყველას ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, აქტიურად მონაწილეობდნენ ქალები და კრების შემადგენლობაშიც 5 ქალბატონი იყო.
კრებამვე შექმნა ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც ევროპული მასშტაბით მართლაც ძალიან მაღლა ჰქონდა აწეული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დამოუკიდებლობის თამასა.
დღეს, როდესაც უკვე ხელახლა აღდგენილი ქართული სახელმწიფო თავის 26-ე წელს ითვლის და, როდესაც ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის გზას ამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ვაძლიერებთ და ვამტკიცებთ, ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან რთულ ვითარებაში შექმნეს პირველი ქართული რესპუბლიკა და ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი.
დღესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ურთულესი ვითარება, ჩვენი ქვეყნის ორი მხარე, ორი რეგიონი ოკუპირებული მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციას.
იდეოლოგიური აქტორები ცდილობენ დაარწმუნონ ყველა თითქოს საქართველოს ოკუპაცია ბუნებრივი პროცესია, რომ როდესმე ქართველები მიიღებენ ამ ოკუპაციას, შეეგუებიან და როდესმე კაცობრიობა და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ამორალურ ისტორიულ უსამართლობას მიიღებს და არ შეეწინააღმდეგება. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ აღიარებს ამ უსამართლობას.
ყველა მოქალაქე გაერთიანებულია იმ ემოციით, რომ მშვიდობიანი გზით შეძლოს ქვეყნის გაერთიანება, მეტიც ჩვენს პოზიციას იზიარებს დღეს ფაქტობრივად მთელი მსოფლიო და ამ ისტორიული უსამართლობის მიმღები არავინ არ არის“, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იდეის ავტორებს, წიგნის შემქმნელებს და განაცხადა, რომ მათი შრომის შედეგი უდიდეს წვლილს შეიტანს ამ ისტორიული ეპოქის მნიშვნელობისა და მის შემოქმედთა ღვაწლის წარმოჩენაში.
წიგნის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართეს დამფუძნებელთა კრების წევრის აპოლონ სულაქველიძის შვილიშვილმა დავით სულაქველიძემ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წარმომადგენელმა ირაკლი ხვადაგიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0