დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ მე-6 სხდომა გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ იმსჯელეს. პირველი საკითხი, რომელიც დღეს საბჭომ განიხილა, იყო პარლამენტის მიერ მიღებულ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსთან“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მიერ ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციების და ნორმატიული აქტების შესაბამისობაში მოყვანის სამუშაო პროცესები. სწორედ ამ უწყებების ინიციატივის საფუძველზე ცოტა ხნის წინ კოდექსში ცვლილება განხორციელდა და თბილისისა და რამდენიმე მუნიციპალიტეტისთვის კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედების ვადა 6 თვით გადაიწია. ცვლილების განხორციელების მთავარი არგუმენტი სწორედ ეს იყო, რომ ვერ ესწრებოდა კანონქვემდებარე აქტების მიღება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ცვლილების განხორციელებისას განაცხადა, რომ კომიტეტი მონიტორინგს გაუწევდა ამ პროცესს. დღევანდელ საბჭოს სხდომაზე სწორედ ამ სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციები მოისმინეს. სხდომაზე, ასევე, განიხილეს არქიტექტორებისა და მშენებელ-ინჟინერთა სერტიფიცირების საკითხი, კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ვერსიაზე იმსჯელეს. საბჭომ ასევე იმსჯელა უძრავი ნივთების დაყოფა-გაერთიანებასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვის თაობაზე. განიხილეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების და სერტიფიცირებული ექსპერტების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხები.
საბჭოს წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებზე დეპუტატები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

Visited 85 times, 1 visit(s) today