დარწმუნებული ვარ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სხვადასხვა სფეროს განვითარებაში

14/12/2018

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმის მონაწილეებს დღეს სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მიმართა. ფორუმზე, ახალგაზრდებმა, რომლებმაც განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების, თანამშრომლობისა და ჩართულობის შესაძლებლობები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს.

„ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშესაწყობად დღევანდელი ფორუმი საჯარო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. საერთაშორისო განათლების ცენტრის მიერ დაფინანსებული 450-ზე მეტი სტიპენდიანტი დაბრუნდა სამშობლოში და მათი უმეტესი ნაწილი უკვე დასაქმებულია. ჩვენი ამოცანაა თითოეულ მათგანს დავეხმაროთ ისეთი სამუშაო ადგილების შერჩევაში, სადაც მაქსიმალურად გამოიყენებენ კვალიფიციურ ცოდნას. დარწმუნებული ვარ, ისინი დიდი შემართებითა და პოზიტიური მოტივაციით აუცილებლად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ასობით სასწავლო სტიპენდია გასცა. წელს უკვე კურსდამთავრებულთა ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი მაია ცქიტიშვილია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0