ბიუროს სხდომაზე შემუშავებული 8 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ერთი განსახილველი საკითხია – საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და „სამთავრობო პროგრამის 2019 – 2020“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხვალ, პარლამენტში გაიმართება მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპი – პარლამენტის წევრები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატის მოხსენებას, რეგლამენტით დადგენილი წესით იქნება კომიტეტების, ფრაქციების და დეპუტატების გამოსვლები და მხოლოდ ამის შემდეგ, პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმისთვის, რომ ამ კვირის განმავლობაში განხორციელდა ძალიან შრომატევადი პროცესი. საკომიტეტო ფორმატებში იყო მთავრობის პროგრამისა და კანდიდატების აქტიური განხილვები, დაისვა ასობით მნიშვნელოვანი საკითხი და შეკითხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განხილვები საზოგადოებას დაეხმარებოდა მეტი ინფორმაცია მიეღო არა მხოლოდ მთავრობის შემადგენლობის, არამედ იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელზეც მთავრობას, ჩვენთან ერთად, შემდგომ პერიოდში მოუწევს მუშაობა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა კომიტეტის წევრს და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომელთაც კომიტეტების სხდომები რეგლამენტის სრული დაცვით და ძალიან საქმიანად წარმართეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იცავს იმ პოლიტიკურ კულტურას და სტანდარტს, რომელიც ნებისმიერ ევროპულ პარლამენტს უნდა ახასიათებდეს.
„იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენს პარლამენტში არსებული დემოკრატიის სტანდარტი, გამოვხატოთ, ასევე, პატივისცემა ჩვენი ოპოზიციის მიმართ, ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი და თავის გადაწყვეტილებებში ის თავისუფალია. ოპოზიციურ ფრაქციებთან იყო ძალიან დაძაბული შეხვედრები, მაგრამ, საერთო ჯამში, თუ ამ პროცესს შევხედავთ და შევადარებთ იმას, თუ რა გვქონდა წარსულში და რა გვინდა, რომ გვქონდეს მომავალში, ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი იცავს იმ პოლიტიკურ კულტურას და იმ სტანდარტს, რომელიც ნებისმიერ ევროპულ პარლამენტს უნდა ახასიათებდეს. სრულყოფილებამდე საქართველოს პარლამენტს ჯერ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების პროცესში, რომელშიც ჩვენ ვართ, ვიქნებით წარმატებულნი. ამ კვირაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი რეალურ ცხოვრებაში მუშაობს დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბიურომ ცნობად მიიღო საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო – რეგიონების“ მომართვა პოლიტიკური შეხედულებების გამო 2019 წლის 8 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის წევრების არდასწრების შესახებ. სხდომაზე განხილული იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 20 კანდიდატის წარდგენის შესახებ. საკითხზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.
„კომიტეტი მზად არის იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ჩვენ უნდა წარვმართოთ საქართველოს პარლამენტში, დაიწყოს და უზრუნველყოს მაქსიმალურად გამჭვირვალობა. პროცესი, რომელიც წარიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საზოგადოება ხედავდა ისტორიულ მომენტებს, როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენს მიერ გაწერილი კანონით, საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც შესაძლოა განხილული ყოფილიყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი. ეს უზრუნველყო სწორედ, ჩვენ მიერ შემუშავებულმა კანონმა. პროცესი წარიმართა გამჭვირვალედ და ჩვენი ამოცანაა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი, ასევე გამჭვირვალედ გაგრძელდეს და შესაბამისად, ჩვენ შევარჩიოთ ღირსეული, პროფესიონალი კანდიდატები“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარდება განხილვები საქართველოს პარლამენტში და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ხვალ, 8 სექტემბერს, პლენარული სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.