დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01/05/2017

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ტყემალაძესთან და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარესთან გოჩა ბაბუნაშვილთან ერთად დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის მონაწილეებმა „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა დეტალურად განიხილეს და კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე შედგა დისკუსია თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.
დოკუმენტის წარმოდგენის საბოლოო ვადა 2017 წლის 15 მაისით განისაზღვრა, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვების მოწყობაა დაგეგმილი.
ღონისძიებაში, რომელიც გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლოში“ გაიმართა, მონაწილეობა თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილემ ნატო ქიტიაშვილმა, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაციამ ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრებმა და ექსპერტებმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0