დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს

31/01/2024

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საგზაო სამუშაოები 31 იანვრის საღამომდე დასრულდება. მისი თქმით, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 1-ელი თებერვლიდან ორმხრივად აღდგება.

„დედაქალაქის მოსახლეობას დავპირდით, რომ 31 იანვარს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულდებოდა და 1-ელი თებერვლიდან მოძრაობა ორმხრივად აღდგებოდა. გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რაც საღამომდე დასრულდება. პარალელურად, ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები, ხვალიდან კი მოძრაობა ორმხრივად აღდგება. კიდევ ერთი განახლებული გამზირი შეემატა ჩვენს ულამაზეს ქალაქს, რაც რასაკვირველია, ყველას გვახარებს, თუმცა უფრო სწორი და მართებული იქნებოდა მეთქვა, ყველას უნდა გვახარებდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტებს გაუთვალისწინებელი სამუშაოები და კონტაქტორი კომპანიების არაკეთილსინდისიერება აფერხებს.

„ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ყოველი მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს გულისხმობს ათეულობით წლის მანძილზე ხელშეუხებელ კომუნიკაციებს, რომლებიც სრულიად ამორტიზებულია, გამოსულია მწყობრიდან. იწყებ სამუშაოებს და დგები კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობენ. ამას ემატება არაპროფესიონალიზმი და არაკეთილსინდისიერება რიგი კომპანიების მხრიდან, რომლებიც მონაწილეობენ ტენდერებში, ერთვებიან სამუშაოების პროცესში და სრულიად ვერ აცნობიერებენ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნიათ დედაქალაქის წინაშე. ვერც მე და ვერც ჩვენი თანამშრომლები ვერ ვარჩევთ მსგავს კომპანიებს, ეს ხდება ტენდერის საფუძველზე. მე რომ შემეძლოს რომელიმე კომპანიის შერჩევა, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც დღეს იქმნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფონად გასდევს ოპოზიციის წარმომადგენლების კამპანია მოსახლეობის დეზინფორმაციის მიზნით.

„ის მუდმივი ისტერიკა, პანიკის თესვა, ლანძღვა, ცილისწამება, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წერეთლის გამზირის სამუშაოებს გასდევდა, სხვა არაფერია, თუ არა სიძულვილი საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების მიმართ. საზოგადოება კარგად ხედავს, 2017 წლიდან რამდენი რამ კეთდება, თუმცა ყოველთვის ფიქსირდება მანიპულაციები, სპეკულაციები. აღმშენებლობას უსამშობლო ადამიანები, ე.წ. პოლიტიკოსები ერთგვარ დანაშაულად აცხადებენ. ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, თუმცა ბევრია გონიერი ადამიანი, ვისაც უხარია ჩვენი ქალაქის განვითარება. ამ კაკაფონიის ფონზე ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირები განახლდა, უამრავი ქუჩა რეაბილიტირდა. ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა.

„თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, ყველა იმ სამსახურს, რომელიც ჩართულია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაში მადლობას ვუხდი. მადლობა იმ კომპანიებს, რომელთა თანამშრომლები ახლაც ასრულებენ სამუშაოებს. მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც წერეთლის გამზირზე იმყოფება. განსაკუთრებული მადლობა კი ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის, რომელთა თანადგომით ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. მათ ამ ხნის მანძილზე ხმაურს, ტალახს და მტვერს გაუძლეს. მინდა, იცოდეთ, რომ თქვენს საქმიანობაზე დგას ეს ქალაქი და ვერანაირი სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს მის განვითარებას, წინსვლას. ამიტომ, მაქსიმალური ენერგიით, მეტი ცოდნით და შრომისმოყვარეობით გავაგრძელოთ თბილისისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. თბილისის მერის თქმით, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.

„18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ახალი საპილოტე პროექტია, რომელსაც თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. პროექტი სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების მონტაჟს ითვალისწინებს.

„ქალაქში ბოლო პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საღამოსა და ღამის საათებში. აღნიშნული პრობლემით წუხდება მოსახლეობა. საღამოს, ღამის საათებში, როდესაც ადამიანი ისვენებს, ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დისკომფორტს უქმნიან. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დამონტაჟებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ერთად განვსაზღვრავთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების გამოვლენა და შესაბამისად, დაჯარიმება მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხმაურის დეტექტორები ჰოლანდიური კომპანია Sorama B.V-ს მიერაა დამზადებული.

„მსგავსი ტიპის დეტექტორები უკვე განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედაქალაქშიც ვაპირებთ მის განხორციელებას. დავაკვირდებით და ანალიზის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟებას, რაც გააადვილებს ხმაურის დონის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენას და მესაკუთრეებისთვის შესაბამისი სამართალდარღვევის დაკისრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კიდევ ერთი პროექტი ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში განხორციელდება. კერძოდ, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. მისივე განცხადებით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს.

„ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. იცის საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მისამართზე იყო 4-სართულიანი, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სახლი. მის ნაცვლად, ავაშენებთ 10-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა-ნაგებობას. 36 ოჯახი დაკმაყოფილდება ფართებით მათ სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. ეს ოჯახები დროებით, ქირით გვყავს გაყვანილი და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ.

„მინდა, ვთხოვო დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნული პროექტით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს, თუმცა სოციალური პროექტებია, სადაც თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა.

„ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. შესაბამისად, დღეს იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას და მასზე მოსახლეობის დაერთების სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომელთა მობინადრეების თხოვნით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 000 ლარით დაფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0