დედაქალაქის მერი ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

29/01/2020

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება.

„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით. თქვენ ხედავთ, როგორი დასახლებული პუნქტია, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ აქ გვაქვს სპორტული ცენტრი და მომავალში დაემატება საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ბავშვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მის დანერგვას, პოპულარიზაციას და გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0