დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია

24/06/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია იწყება. მისი თქმით, აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა.

„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია – მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში დარგის სპეციალისტები და სათანადო გამოცდილების მქონე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლამაზი სახლი შეემატება. მოგეხსენებათ, ეს შენობა თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს არა მარტო საცხოვრებლად ვარგისი, არამედ შევინარჩუნოთ, მეტიც, გავზარდოთ მისი ისტორიულ-კულტურული თუ მატერიალური ღირებულება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბევრი შენობა-ნაგებობა რთულ მდგომარეობაშია, რომელთა რეაბილიტაციისთვის „თბილისის განვითარების ფონდთან“ ერთად ბიზნესსექტორის ჩართვაც იგეგმება.

„დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლებს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია. მხოლოდ „თბილისის განვითარების ფონდი“ ვერ შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას. ცოტა ხნის წინ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს აღნიშნულ პროცესში ბიზნესის ჩართულობას. სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესების შემთხვევაში, ბიზნესს, რომელსაც პარალელურად სხვა უბანში ექნება მშენებლობა, კოეფიციენტის გადამეტების საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების შესყიდვა მოხდება. ავტობუსების ნაწილი 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა.

„18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისთვის გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელშიც „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა. 15 ივნისს მათთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება 160 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსების. ავტობუსების შემოყვანა მოხდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, 2024 წლის პირველ აპრილამდე შემოვა 50 ავტობუსი, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – 2024 წლის ბოლომდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილი იქნება.

„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, ავტობუსს აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე; ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი მგზავრი შეძლებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ მიმართულებით ძალიან მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. განახლებულია ტრანსპორტის პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, თუმცა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერია ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. შეიძლება დაისვას კითხვა, თუ სად უნდა იმოძრაოს 18-მეტრიანმა ავტობუსებმა. ამისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ქუჩები ინფრასტრუქტურულად ადაპტირებული გავხადოთ, რომ ამ ავტობუსებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ და რაც შეიძლება მეტ მგზავრს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიის აპლიკაცია „ფიქს თბილისის“ მეშვეობით, მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ 621 საკითხზე მუშაობა უკვე დასრულებულია. აღნიშნული აპლიკაცია მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული პრობლემური საკითხების სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.

„მიმდინარე წლის 15 მაისიდან გაეშვა აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, დააფიქსირონ კონკრეტული საკითხი, რომლის მოგვარებაც ხდება. მაგალითად, დაზიანებული სივრცის თუ დეტალის აღდგენა. სამწუხაროდ, ბევრია ვანდალიზმის ფაქტები და მოქალაქეების აქტივობა მნიშვნელოვანია. 15 მაისიდან დღემდე, აპლიკაციის მეშვეობით მოქალაქეების მხრიდან სულ დაფიქსირებულია 3 386 საკითხი. მათგან 1 880 – საგზაო ინფრასტრუქტურას ეხება, 272 – გარე განათების დაზიანებას, 282 – მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანებას, 952 – საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებას. საანგარიშო პერიოდში დასრულებულია 621 საკითხზე მუშაობა, რაც ამავე კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საგზაო ინფრასტრუქტურა – 414; გარე განათების დაზიანება – 41; მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დაზიანება – 59; საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება – 107. ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 1 652 საკითხზე, რაც კატეგორიების მიხედვით არის გადანაწილებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნულ აპლიკაციაზე საუბრის დროს განმარტა სტატუსის – „დაყოვნებული“ მნიშვნელობა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ კონკრეტულ საკითხებს ენიჭება. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, დააფიქსირონ მხოლოდ აპლიკაციაში არსებული კატეგორიების შესაბამისი საკითხები, სხვა საკითხის არსებობის შემთხვევებში კი, მიმართონ ცხელ ხაზს.

„სისტემაში, მოქალაქეებმა შესაძლოა ნახონ, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ საკითხს მინიჭებული აქვს სტატუსი – „დაყოვნებული“, რაც იმას ნიშნავს, რომ დროებით ვერ ხერხდება საკითხის მოგვარება. მაგალითად, თუ ბიუჯეტით მომდევნო კვარტალშია დაგეგმილი კონკრეტული ტერიტორიის რეაბილიტაცია ან საჭიროა ტენდერის გამოცხადება. ამ მომენტისთვის, „დაყოვნებულის“ სტატუსი აქვს 529 საკითხს, რაც კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირადაა გადანაწილებული. „ფიქს თბილისში“ განსაზღვრულია კონკრეტული კატეგორიები, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება 584 გაუქმებული საკითხი, რომელიც არ შეესაბამებოდა არცერთ კატეგორიას და მოქალაქეების მხრიდან აპლიკაციაში მათი შეყვანა არასწორად მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აპლიკაციაში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებს ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.

„გარკვეული დროის შემდეგ, შევძლებთ კატეგორიების დამატებას. შეიძლება ხარვეზებიც იყოს და ამასაც ვასწორებთ ეტაპობრივად. როდესაც პრობლემას ვაფიქსირებთ, უნდა შეესაბამებოდეს იმ კატეგორიებს, რომელიც აპლიკაციაშია მოცემული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც ჩართულია აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში და გვეხმარება, რომ ჩვენს ქალაქზე ერთად ვიზრუნოთ. ეს აპლიკაცია არის სწრაფი შესაძლებლობა, რომ პრობლემები მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მუნიციპალური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის არსებული სანქციები შეახსენა. მისი თქმით, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და იგი 50 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს. კანონმდებლობის მიხედვით, საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში, საზოგადოებრივ თუ საჯარო დაწესებულებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება აკრძალულია.

„დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილია შესაბამისი ზომის სანქციები, ფულადი ჯარიმები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისთვის. შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, რიგ ადგილებში არსებულ ობიექტებზე 08:00-დან 23:00 საათამდე მოქმედებს ხმაურის გარკვეული დონის დაშვება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ უფრო დაბალი დონითაა დასაშვები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად, მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ რეგულაციებს ექვემდებარება, დაიცვან არსებული ნორმები და არ გადააჭარბონ ხმაურის დასაშვებ ზღვარს. აქვე, მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, ლაშა მაჭავარიანს, დაიწყეთ აქტიური ქმედებები პრობლემასთან დაკავშირებით, რომ ეს მიმართულება იყოს მოწესრიგებული, ადამიანები არ შეწუხდნენ. ყველანაირად ვუწყობთ ხელს ბიზნესს, მათ ვეხმარებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0