დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, შპს „ჯეონატურალსი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა.
საწარმოში, ჯამურად, 380,660 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 190,300 დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო 152,300 დოლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია.
საწარმოში, წელიწადში 100 ტონაზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხორცის კონსერვების წარმოება იგეგმება. პროდუქციის რეალიზაცია, პირველ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. სამომავალოდ იგეგმება ექსპორტზე გატანაც. საწარმოში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილესთან – ირაკლი შიოშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან – ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად გახსნა.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. აქედან, კახეთის რეგიონში 57 ახალი საწარმო შეიქმნა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.