საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თამარ გავაშელმა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულ 18 დევნილს სახელობო იარაღები გადასცეს. აღნიშნული იარაღები იძულებით გადაადგილებულ პირებს „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა, სააგენტოში გასულ წელს შემუშავდა და 49 დევნილმა უკვე მიიღო გრანტი, რომელთა საშუალო შემოსავალი, 100-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. წელს, კიდევ 44 დევნილი დაფინანსდა, რომლებსაც სააგენტო სახელობო იარაღებს ეტაპობრივად გადასცემს. მიღებული გრანტების საშუალებით, დევნილები თავადვე შეძლებენ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი ისე, რომ დამსაქმებლებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დევნილს, რომელმაც 2015-2018 წლებში დაამთავრა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი ან გაიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შეირჩა 180 პროფესია, რომლის კურსდამთავრებულებსაც შესაძლებლობა აქვთ თვითდასაქმების გზით გაიჩინონ შემოსავლის წყარო. გრანტის მაქსიმალური ოდენობა ერთ ბენეფიციარზე 1600 ლარით განისაზღვრა.