დეპუტატები პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყოფილი დროის გაზრდას ითხოვენ

დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოყოფილი დროის გაზრდას ითხოვენ. როგორც ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტის სხდომა უნდა იწყებოდეს პოლიტიკური განცხადებებით და დროში არავითარი შეზღუდვა არ უნდა იყოს.

”ბატონო თავმჯდომარე, ჩვენ ისევ ვერ ჩავეწერეთ განცხადებებისთვის განკუთვნილ დროში. არადა სამჯერ შემოვედი ამ დარბაზში. როდის უნდა შემოვიდეთ ჩვენ დარბაზში, რომ ჩავეწეროთ ამ დროში და არ მითხრან, რომ კი ჩაგწერთ სიაში, მაგრამ დრო საკმარისი არ იქნება. პარლამენტი არის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო ქვეყანაში და წესით და რიგით, პარლამენტის სხდომა უნდა იწყებოდეს პოლიტიკური განცხადებებით და არავითარი შეზღუდვა დროში არ უნდა იყოს ამ საკითხში. ადრე, პარლამენტი რომ პარლამენტს ჰგავდა, 10:00 საათზე ვიწყებდით სხდომას და დიდ შესვენებამდე გვქონდა პოლიტიკური განცხადებები”, -განაცხადა ადა მარშანიამ და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში რეგლამენტი არის სერიოზულად შესაცვლელი.

ადა მარშანიას საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ განცხადებებთან დაკავშირებით არის რეგლამენტით განსაზღვრული წესი, რომლის მიხედვითაც სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ეწერებიან და შესაბამისად, განისაზღვრება სია განცხადებების გაკეთების მოსურნე დეპუტატების.

”თუ არის შენიშვნები რეგლამენტთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ვიმსჯელოთ უშუალოდ რეგლამენტზე და რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე. არსებული რეგლამენტის თანახად, დღეს 15 დეპუტატზე მეტი ვერ გამოვა. რაც შეეხება განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი ადრე უფრო გავდა პარლამენტს, მზად ვართ მოვისმინოთ კონკრეტული შენიშვნები, რით ჰგავს დღეს ნაკლებად პარლამენტი პარლამენტს. თუ შენიშვნები არის, ერთად ვიმსჯელოთ პარლამენტის საქმიანობის გაუმჯობებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი უხეში განცხადებები ჯობია არ გაკეთდეს”, – უპასუხა კობახიძემ მარშანიას.

პოლიტიკური განცხადებებისთვის დროის სიმცირის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა ”ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმაც.

”ჩვენ 40 წუთით ადრე ვიყავით ამ დარბაზში და სამწუხაროდ, უკვე მოუხერხებელი იყო ჩაწერა. თუ რეგლამენტში ცვლილებები შევა, კი ბატონო, მაგრამ, ვიდრე შევა, იქნებ ჩვენ კონკრეტულად ვიცოდეთ, სამდივნომ გაგვაფრთხილოს, რომელი საათიდან ხერხდება ჩაწერა. რეგლამენტში არ არის განსაზღვრული და ამიტომ, ხან ასე ხდება, ხან – ისე”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ კვლავ განმარტა, რომ ეს პრაქტიკა ყველასთვის ცნობილია და ჩაწერა, სხდომამდე ნახევარი საათით ადრე იწყება, რაც მისი შეფასებით, სამართლიან პირობებში აყენებს ყველა სუბიექტს. ”თუ რაიმე გადახვევა იყო ამ პრაქტიკიდან, ეს უნდა გავარკვიოთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

სხდომაზე, ”მწვანეთა ფრაქციის” ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრობლემატურია და კონკრეტული წინადადებით გამოვიდა.
”როგორც წინა პარლამენტში იყო, მაშინ იყო გარკვეული შეთანხმება გამოსვლის კვოტებთან დაკავშირებით. იქნებ, უმრავლესობისა და უმცირეობის, ასევე უმცირესობის გარეთ დარჩენილმა ფრაქციებმა მოილაპარაკონ კვოტებთან დაკავშირებით. თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ”მწვანეთა ფრაქცია” აიღებს თავის თავზე, შემოიტანს სამართლიან წინადადებას შესაბამის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით და განსაზღვრავს კანონით, თუ ეს შეთანხმება ვერ მოხერხდება”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Visited 89 times, 1 visit(s) today