დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს

06/03/2017

გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
სხდომაზე წარმომადგელობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი წერეთლის დანიშვნის საკითხს დაუჭირეს მხარი.
ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხებსაც, რომლებიც კომისიის წევრებს თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. სხდომას დეპუტატების გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებს ამავე სამსახურის 2016 წლის სამუშაო ანგარიში წარუდგინეს.
ანგარიში, რომლის თანახმად, დედაქალაქში მიუსაფარი (უპატრონო) ცხოველების რიცხოვნობა გეგმაზომიერად მცირდება, არ დაფიქსირდა განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებების გავრცელებისა და ადამიანის ინფიცირების ფაქტები, სააგენტოს უფროსმა თემურ ფხალაძემ სხდომაზე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.
მისივე თქმით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ეტაპობრივად მკვიდრდება ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დაცვის და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგების ტრადიცია.
როგორც სააგენტოს უფროსმა მოხსენების დასასრულს აღნიშნა, არსებული რესურსების მიუხედავად, ახლადშექმნილი სააგენტო სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც საბოლოოდ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცულობის მუდმივი ზრდის დინამიკასა და ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლის შედეგიანად მიმდინარე პროგრამაში გამოიხატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0