დიასპორასთან კავშირების გამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

20/12/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებთან დიასპორასთან ურთიერთობის და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით 2017 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები შეაჯამა და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

,,საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კონტაქტების განმტკიცება, სახელმწიფოსა და დიასპორას შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაცია, სისტემატიზაცია და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტის წარმოადგენს. ქვეყნისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იქნა გადადგმული საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების, მათ შორის მოზარდთა, მაღალპროფილური დიასპორისა და სხვა ჯგუფების საქართველოს განვითარებაში ჩართულობის ამაღლების და სამშობლოსთან მათი კავშირების განმტიკიცების მიზნით, რაც გულისხმობს რეგულარ შეხვედრებს, სხვდასხვა პროგრამებსა და ინიციატივებს. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით მასშტაბურად აღინიშნა ქართული დიასპორის დღე; საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებას მიზნით განხორციელდა პროექტი „მომავლის ბანაკი“ , კონსტიტუციის ახალ რედაქციაში გათვალისწინებული იქნა დიასპორის საკითხები; დიასპორის აქტიური ჩართულობით პირველად შემუშავდა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია-პროგრამა „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“. მინისტრმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების და ქართული საკვირაო სკოლების აქტიურ მხარდაჭერას. მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეფასა დიასპორის წარმომადგენლების მიერ საქართველოს განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლის დაფასების მიზნით დანერგილი პროექტი „ დიასპორის დაჯილდოება“.

მინისტრმა მომავალ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქტიურად გაგრძელდება საკვირაო სკოლების, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა, კიდევ უფრო დაიხვეწება პროგრამები როგორიცაა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „ქართული ენის ოლიმპიადა“, დიასპორული სტაჟირება“, “დიასპორული მედია-პროგრამები“, „დიასპორის დღე“ და დაიწყება ბევრი ინოვატორული პროგრამა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების, მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის და საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ თანამემამულეთა ინფორმირებულობის ამაღლებისა მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0