დიდუბის გამგეობა ახალი წლის დღეებში უფასო სასადილოების დახურვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

05/01/2016

დიდუბის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება ”კურიერში” გასული სიუჟეტის შესახებ განმარტებას აკეთებს.

გამგეობის ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი იყო, რომ თბილისში არსებული ყველა უფასო კვების სასადილო 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დაიხურა, რის გამოც, სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარები საკვების გარეშე დარჩნენ. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც დიდუბის გამგეობაში განმარტავენ, დიდუბის რაიონში არსებული ოთხი უფასო კვების სასადილო, რომლითაც 2000 ბენეფიციარი სარგებლობს, მხოლოდ ორი დღით – პირველ და 2 იანვარს დაიხურა, რაც სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო. 3 იანვრიდან კი, სასადილოები ბენეფიციარებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურებიან.

„თბილისში არსებული უფასო კვების სასადილოები წლების განმავლობაში პირველ და 2 იანვარს ტრადიციულად იკეტებოდა, ხოლო ბენეფიციარებს საახალწლო სასაჩუქრე ნობათი ურიგდებოდათ.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტენდერი საახალწლო ნობათებზე წელსაც გამოაცხადა და სასაჩუქრე ნობათები ორი დღის განმავლობაში, დიდუბეში არსებულ ოთხ უფასო კვების სასადილოში დარიგდა, ხოლო ვინც ადგილზე ვერ მოახერხა საჩუქრის მიღება, გამგეობამ მათთვის საახალწლო ნობათის ოჯახში მიტანა უზრუნველყო“, – განმარტავენ გამგეობის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, სიუჟეტში ნახსენებ ბენეფიციარებს, სასადილოთი მოსარგებლე სხვა ბენეფიციარების მსგავსად, საახალწლო ნობათი – თითო სულ მოსახლეზე თითო სასაჩუქრე ნობათი დაურიგდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0