დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL“-ი დაათვალიერა

08/06/2016

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL“-ი დაათვალიერა. საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული; დღეისთვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს.
კომპანია, სადაც სტაბილურადაა დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი, ორიენტირებულია მაღალ-ტექნოლოგიურ განვითარებაზე; საწარმოში განხორციელებულია დაახლოებით ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; „DAR CAPITAL“ სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
კომპანია ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ახლო მომავალში აპირებს ახალი ინვესტიციების განხორციელებას, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0