დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში ინდური ფილმის გადასაღებ მოედანს ეწვია

08/06/2016

ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარე ინდური ფილმის გადასაღები მოედანი მოინახულა. გადაღებები მესტიის შემდეგ ბათუმის სასტუმრო Radisson-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ვიცე–პრემიერი ადგილზე გაესაუბრა ინდოელ პროდიუსერებსა და წამყვან მსახიობებს.
„გადაიღე საქართველოში“ ეს არის „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის შემადგენელი კომპონენტი და მის ფარგლებში ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ფილმის გადაღებას. ჩვენ დღეს გვაქვს პირველი, უკვე წარმატებული შემთხვევა, როდესაც ინდოეთიდან საქართველოში ფილმის გადასაღებად ჩამოსულია გადამღები ჯგუფი. ჯამში 3 მილიონ დოლარზე მეტია ფილმის ბიუჯეტი, 6-ზე მეტ რეგიონში მოხდება გადაღებები და საქართველოს მხრიდან ჯამურად 400-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სწორედ ეს არის ის შედეგი რისი მიღწევაც ჩვენ გვინდოდა და მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი კმაყოფილებით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს პერიოდში გაკეთდა, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ინდოეთის ცნობილი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები 65 დღის განმავლობაში რომანტიულ ტრილერს “Machine” ქართულ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „Betterfly“ თანამშრომლობით გადაიღებენ. ფილმის გადაღებები მთლიანად საქართველოში მიმდინარეობს. კინო-ოპერატორთა ობიექტივში ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცა.
გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani, Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ. კინოწარმოების პროცესში ასევე ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასობრივი სცენების გადაღებებისას 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0