დიმიტრი ქუმსიშვილი ბალარუსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

01/02/2018

ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება. პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრემიერ-მინისტრს 2017 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გაწეული დახმარებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას დღეს არსებული მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის და სავაჭრო-ეკონომიკური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატებში, რომლის დროსაც მიღებული გადაწყეტილებები ხელს უწყობენ ქვეყნებს შორის დაახლოებას. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო პერიოდში იზრდება ორმხრივი ვაჭრობა საქართველოსა და ბელარუსს შორის. მაგალითად, 2017 წელს ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის 24 პროცენტით გაიზარდა, ასევე მოიმატა ექსპორტის მაჩვენებელმაც – ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა წინა წელთან შედარებით. ამავე დროს, შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის დიდია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საკითხები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ინოვაციები, სოფლის მეურნეობა, ერთობლივი სამრეწველო-საამწყობო საწარმოების განვითარება საქართველოში და სხვა. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ურთიერთობაზე ტურიზმის სფეროში, რომლის ზრდასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის გაზრდამ. 2017 წელს საქართველოში 28 პროცენტით მეტი ბელარუსელი მოგზაური ჩამოვიდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ეწვევა. შეხვედრაზე აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობა დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაახლოებას და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0