პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ის პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელსაც OECD საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.