დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11/05/2017

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ინ-ჩანგ სონგს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, არსებობს განვითარების დიდი შესაძლებლობები.
„კორეის რესპუბლიკის მთავრობა დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებით, საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისებით. როგორც მოგეხსენებათ, „ნენსკრა ჰესის“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი სწორედ კორეის თანამონაწილეობით ხორციელდება – პროექტში მონაწილეობს კორეის სახელმწიფო კომპანია „K Water“-ი. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტსა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივაზე“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე კორეულმა მხარემ გამოხადა დიდი ინტერესი და მზაობა, რათა საქართველოში განახორციელოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0