დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მაღალი დონის მენეჯერებს შეხვდა

08/11/2017

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების მაღალი დონის მენეჯერებს შეხვდა. რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის „Dunross“ დამფუძნებელი და დირექტორი სვენ ნორფელდტი (Sven Norfeldt) და ამავე კომპანიის მაღალი მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლები, აგრეთვე საინვესტიციო ბანკების „Renaissance Capital“-ისა და „Sberbank CIB“-ის, „Allan Gray“-ის, სკანდინავიის რეგიონში აქტივების მართვის წამყვანი კომპანიის „Bank Invest“-ის, „Prosperity Capital Management“-ის პროფილური მიმართულების მენეჯერები.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო გარემოზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები, აგრეთვე ის ღონისძიებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც არსებობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება კი მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0