დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტო „Moody’s“-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

30/04/2016

საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Moody’s“-ის ხელმძღვანელებთან, რომელიც აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადგენილი რეიტინგების მიხედვით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით.
ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის ბოლოდროინდელი პოზიტიური ინდიკატორები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის მარტში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 3,4 პროცენტი შეადგინა. ასევე პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა; ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა; თებერვალ-მარტში მოხდა ექსპორტის რეალური მატება, ტურიზმი კი 16 პროცენტით გაიზარდა.
დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. მისი პროგნოზით, მომდევნო თვეებშიც ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდება.
ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მისი ძირითადი ორიენტირები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
შეხვედრაზე “Moody’s”-ის ხელმძღვანელებმა დადებითად შეაფასეს სამთავრობო გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, აგრეთვე მიმდინარე რეფორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება ყოველწლიურად გაუმჯობესდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0