დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „G & A GROUP“-ს საწარმოს ეწვია

21/10/2016

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „G & A GROUP“-ს საწარმოს ეწვია, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლო. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის მართვა და გაყინული ხორცპროდუქტების, ასევე თევზის იმპორტი წარმოადგენდა, ხოლო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანიამ ნახევარფაბრიკატებისა და თევზეულის წარმოებაც შეძლო. საწარმო, სადაც ამჟამად 70 ადამიანია დასაქმებული, ყოველთვიურად 15-20 ტონა ნახევარფაბრიკატსა და თევზს აწარმოებს, ხოლო სულ რაღაც 6 თვეში კომპანია წარმოების ზრდას გეგმავს, კერძოდ, თვეში პროდუქციის წარმადობა 100 ტონამდე გაიზრდება. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ერთერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც მთავრობამ დაიწყო და იგი მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში თითქმის ყოველდღე იხსნება ახალი საწარმოები ან ხდება განახლებული წარმოებების ამოქმედება. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ დროისათვის პროგრამის თანახმად, 205 – ზე მეტი საწარმოა ჩართული და 10,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი. პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად, საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. შპს „G & A GROUP“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3,900,000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0