დიმიტრი ქუმსიშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა

16/08/2016

16 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, დამტკიცდა განკარგულების პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ. პროექტის დეტალები ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააცნო:
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მოვიწონეთ გრანტის ხელშეკრულება. ეს არის 4,2 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი, რომელსაც იაპონიის მთავრობა გამოყოფს, რისთვისაც ჩვენ მათი ძალიან მადლიერები ვართ. გრანტის გამოყოფის მიზანი საქართველოსთვის ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაა“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, საუბარია სუფთა დიზელის ტიპის, ახალი თაობის ტრანსპორტზე. „მიმდინარე თვის ბოლომდე იაპონიის მთავრობის სააგენტო „ჯაიკა“ უკვე დააკონტრაქტებს სპეციალურ აგენტს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შერჩევა“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოცემულ ეტაპზე განსაზღვრული არ არის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და მწარმოებელი ფირმა. დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება შესყიდვების აგენტის მიერ ტენდერის გამოცხადების შემდგომ, რომელიც, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0