დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „Construction Service“-ი დაათვალიერა

27/09/2016

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შპს „Construction Service“-ის გაფართოებული საწარმო დაათვალიერა. საწარმოს ტექნოლოგიური გადაიარაღება კომპანიამ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძლო.
შპს „Construction Service“ ფოლადის ნაწარმისა და ლითონკონსტრუქციების წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ნაკეთობების აწყობასა და მონტაჟს ახორციელებს. კომპანია, რომელიც ევრო 4 სტანდარტის უახლეს საავტომობილო ამწეებს, კალათებსა და სხვადასხვა სამონტაჟო საშუალებას ფლობს, საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას 108 ადამიანს დაასაქმებს. ამასთანავე, კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად განხორციელებული ტექნოლოგიური გადაიარაღების შემდეგ, კომპანიამ მოიგო ტენდერი, რომლის შედეგადაც იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას ლითონკონსტრუქციებით მოამარაგებს. ამჟამად საწარმოში აღნიშნული შეკვეთის შესრულება მიმდინარეობს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ძალიან დადებითი შედეგი აქვს. მისი განცხადებით, მხოლოდ რუსთავში პროგრამის მხარდაჭერით არაერთი საწარმო გაიხსნა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, კომპანია „Construction Service“-მა შეძლო, წარმატებული კონკურენცია გაეწია უცხოელი მიმწოდებლებისთვის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის ლითონკონსტრუქციებით მომარაგების ტენდერი მოიგო. „შესაბამისად, შეკვეთა, რომელიც შეიძლებოდა გასულიყო ქვეყნის გარეთ და იქვე დამზადებულიყო, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით რუსთავში ევროპული სტანდარტით მზადდება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამჟამად საწარმოში დასაქმებული მუშახელი ფლობს სპეციალურ სერტიფიკატს, რომლის მიხედვითაც მათ აქვთ შესაძლებლობა ლითონის კონსტრუქციები ევროკავშირის ქვეყნებისათვის დაამზადონ.
შპს „Construction Service“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 360,000 ლარს შეადგენს.
კომპანია „Construction Service“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დაათვალიერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0