დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

21/02/2024

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს. ახალგაზრდებმა კომიტეტის თავმჯდომარეს საკითხის მოგვარების თაობაზე თავიანთი ხედვა გააცნეს და იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც დღეს პროფესიიდან ბევრი ახალგაზრდა გაედინება.

„ამ სფეროში გამოწვევები ნადვილად არსებობს. დღეს უკვე მეორედ შევხვდით ახალგაზრდებს და მათ დეტალურად წარმოადგინეს ამ სფეროს რეფორმის შესახებ წინადადებები. მნიშვნელოვანია, რომ ბევრ საკითხში ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, მათ შორის, არის ის, რომ საკმარისი არაა სარეზიდენტო ადგილები და ეს ადგილები დამატებით მოსაპოვებელია. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ბევრი სარეზიდენტო პროგრამა არის ფასიანი. განსაკუთრებით მოთხოვნად საექიმო სპეციალობებზე გვაქვს ადგილების დეფიციტი. ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გამოწვევა დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტაზე სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს ხანში წარმოვადგენთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0