დუშეთის კულტურის სახლი 9000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება

10/06/2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, კულტურის მინისტრთან, მიხეილ გიორგაძესთან ერთად ქ.დუშეთში განახლებული კულტურის სახლი გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქ.დუშეთის კულტურის სახლი, წლის განმავლობაში, 9 ათასზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. პროექტის ფრაგლებში გაკეთდა განათება, ცენტრალური გათბობა, ვენტილაცია, დაემატა სველი წერტილები, ინტერიერი შეიცვალა ახალი ფარდებითა და სავარძლებით, დაიგო იატაკი, მოპირკეთდა ეზო და გარე ფასადი. მოეწყო ხმის ჩამწერი სტუდია და საგრიმიოროები, შეტანილია ახალი ინვენტარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურის სახლის გახსნა უმნიშვნელოვანესია, მოზარდები შეძლებენ მათთვის სასურველ ხელოვნების დარგს დაეუფლონ, დასაქმდებიან ადგილობრივები:
„სასიხარულოა, რომ დღეს დუშეთს აქვს თანამედროვე კულტურის ცენტრი, სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ ნიჭიერმა ახალგაზრდებმა ისწავლონ და სხვადასხვა საინტერესო საქმით დაკავდნენ. აქ მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ და უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიების, ფესტივალის მოწყობა“.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 700 000 ლარია. სამუშაოებზე 40 ადამიანი იყო დასაქმებული.
კულტურის სახლის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დუშეთის შესახებ წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. გაიმართა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0