დუშეთის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

02/04/2019

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ორგანიზებით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამ დაავადების წარმოშობის შესახებ და მის მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპების, შიშის და სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებლობის თემაზე ისაუბრა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ასლამაზიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია წელიწადში ორჯერ ფულადი სახსრებით ეხმარება ამ დაავადების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს არსებულ გარემოში მათ ინტეგრაციას.
საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოცხადებულია 2007 წლიდან გაეროს ასამბლეის მიერ და მისი წლევანდელი დევიზია: “დამხმარე ტექნოლოგიები, აქტიური მონაწილეობა!”
ამ დღის მიზანი აუტიზმთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზების ხელშეწყობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0