დღევანდელი კონსტიტუციის ყველა ძირითადი პრინციპი ერთმანეთს ეწინააღმდეგება

21/06/2017

დღევანდელი კონსტიტუციის ყველა ძირითადი პრინციპი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონტიტუციო პროექტის განხილვაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, არსებული კონსტიტუცია ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.
”დღევანდელი კონსტიტუციის ყველა ძირითადი პრინციპი ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ის ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. არც ერთი ძირითადი ნორმა არ ქმნის კონსტიტუციური წესრიგის თვალსაზრისით სტაბილურობის განცდას. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა პერსონალური პოლიტიკური კონკრეტული მოდელების გათვლით და მასზე აგებით”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მკაფიოდ არის გაწერილი.

”ხელისუფლების სამივე შტო იქნება მკაფიოდ დაბალანსებული, ის გამორიცხავს ავტორიტარიზმის ნებისმიერ საფრთხეს. ახალი მოდელი ქმნის შესაძლებლობას ძლიერი საპარლამენტო რესპუბლიკის თვალსაზრისით დავინახოთ მაკონტროლებელი ძლიერი პარლამენტი, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და დამაბალანსებელი პრეზიდენტი”, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, ეს არის კონსტიტუცია, რომლის მიმართ პირველ რიგში ჩვენ ხალხს უნდა ჰქონდეს კონსენსუსი.

”ჩვენ გვჭირდება კონსენსუსი მოსახლეობასთან, გუნდის შიგნით, პოლიტიკურ ძალებს შორის, თუმცა მთავარი მიმღები ვინც უნდა იყოს, არის ხალხი. საერთო სახალხო განხილვას ჰქონდა უპრეცედენტო მასშტაბი, შინაარსი, დატვირთვა და შედეგი. ჩვენ ვუპასუხეთ ყველაზე ძლიერ გამოწვევებს, რაც ჰქონდა ამ კონსტიტუციას, შევძლებდით თუ არა ეს კონსტიტუცია ყოფილიყო აგებული მთავარ დემოკრატიულ პრინციპებზე და ღირებულებებზე. ეს კონსტიტუცია ამ გამოწვევებს პასუხობს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0