დღეს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად ვატარებთ რიგით მეორე კონფერენციას, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება

14/09/2023

„დღეს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან ერთად ვატარებთ რიგით მეორე ერთობლივ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებს. დღეს საუბარი გვექნება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სექტორულ მიმართულებებზე, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების საკითხებზე, ასევე შრომით უფლებებზე, გარემოს დაცვაზე, სოფლის მეურნეობაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, არის სექტორები, სადაც საქართველო სხვადასხვა რეგულაციებით უახლოვდება ევროკავშირს და კონფერენციაზე საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საუბარი ვერ სცდება 12 რეკომენდაციას და ამ 12-დან ერთ-ორ საკითხს, რაც იკავებს ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ძირითად დროს, არადა, სინამდვილეში, ევროპა ზუსტად ამ ასოცირების შეთანხმებაშია, ევროპა ზუსტად ამ სექტორების განვითარებაშია და სწორედ აქ არის ჩვენი ხალხის ინტერესი. მათ ცხოვრებას ეხება ის საკითხები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. სამწუხაროდ, ეს საკითხები პოლიტიკურ დისკუსიაში ძირითად თემას ვერ იკავებს, არადა, ეს უშუალო გავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, კონფერენცია თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მიმდინარეობს.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები. კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს. კონფერენცია თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ მეორედ იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0