ევროკავშირის დახმარების პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09/02/2017

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების პროცედურების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ევროპული მხარიდან ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის (DG NEAR) სამმართველოს უფროსი მატიე ბუსკე და აღნიშნული სამმართველოს საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განყოფილების უფროსი ლუკა ორიანი ესწრებოდნენ. საქართველოს მხარიდან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დარგობრივი სტრუქტურების, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების განხორციელების წესებისა და პროცედურების შესახებ. ასევე ევროკომისიის წარმომადგენლების მხარიდან ხაზი გაესვა, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა რეფორმების განხორციელების მხრივ და შესაბამისად საქართველოში ყველაზე წარმატებით მიმდინარეობს როგორც საბიუჯეტო, ასევე, სხვა ევროკავშირის დახმარების პროგრამების განხორციელება. ასევე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს რეფორმების წარმატებით განხორციელება, რაც ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში დაფინანსების მობილიზების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0