ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

07/06/2017

საქართველოსა და ევროკავშირის სამართლებრივი დაახლოების შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ტარდება და მასში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანუშ ჰერმანი მონაწილეობენ.
კონფერენცია „სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ალექსანდრე ბარამიძეც, რომელმაც ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროკავშირის პროექტის დახმარებითა და უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით შექმნილი სამართლებრივი დაახლოების სახელმძღვანელო და მეთოდური რეკომენდაციები წარადგინა.
ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოება ქვეყნის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ეს პროცესი, ერთი მხრივ, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კომპონენტია და დიდი როლი აკისრია ქვეყნის წარმატებისთვის ევროინტეგრაციის პროცესში, მეორე მხრივ კი, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებშია. იუსტიციის სამინისტროს მიერ 2012-2016 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები სწორედ ამ ორ მიზანს − ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას ემსახურება.
კონფერენციაზე განიხილეს, აგრეთვე, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისა და კანონშემოქმედებით პროცესებში საზოგადოების იმ ნაწილის ჩართულობას გულსხმობს, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეხება. ამ საკითხს სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოს მთავრობის მხრიდან − რეგულირების ზეგავლენის შეფასება ქართული კანონშემოქმედებითი სისტემის ნაწილი ხდება.
კონფერენციაზე იმსჯელეს ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე მაღალი ხარისხით თარგმანის მნიშვნელობაზე, რომელსაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს. ევროპული კანონმდებლობის სამართლებრივი ლექსიკონის შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველო-ევროკავშირის დაახლოების გზაზე.
კონფერენციას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0