ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრა დასრულდა

20/09/2017

თბილისში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მეხუთე შეხვედრამ მუშაობა დაასრულა. ორი დღის განმავლობაში ევროპელმა და ქართველმა კანონმდებლებმა ასოცირების კომიტეტის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.
ასოცირების კომიტეტის დღევანდელი სხდომა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმდინარე საქმიანობის გაცნობით დაიწყო.
მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგიმ დეპუტატებს მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია გააცნო.
მომხსენებელმა მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე, გამოწვევებზე და მისიის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაზე ისაუბრა.
კომიტეტის სხდომის ძირითადი ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების განხილვას დაეთმო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის დინამიკა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის ინდიკატორები წარმოადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეკონომიკური განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და კერძო სექტორის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0